რუსთავში გზებისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

1117

რუსთავში, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, გზების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება.

სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი+’’ შეასრულებს.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სკოლის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სუმგაითელი მეტალურგების, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, ასლანიკაშვილის, ჭავჭავაძის, პირველი მაისის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, დონეცკელ მეტალურგების ქუჩებზე, ჯამში 82 კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა მოხდება. ასფალტის საფარი კი, 56 193 კვ. მ ფართობზე შეიცვლება.

უწყების ცნობით, სამუშაოების ღირებულება 2 მლნ 560.355 ათას ლარს შეადგენს.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რუსთავში ჯამში 12 მლნ ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.