მოქალაქე ახალციხის მერიისგან მიღებულ ალტერნატიულ ფართს ვერ იფორმებს

1050

მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილი ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე, მერიისაგან გადაცემულ 40 კვ.მ მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის სისხლის სამართლის საქმეა, რომელზეც მასთან 2012 წელს საპროცესო გარიგება გაფორმდა. მაშინ მაზმიშვილს სასამართლომ ჯარიმა 4 500 ლარი დააკისრა, თუმცა, იმის გამო რომ იგი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, აღნიშნულ თანხას ვერ ფარავს და მის ქონებას ყადაღა ადევს. ამიტომ ქონების მართვის სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის მომსახურების ცენტრი მაზმიშვილს მერიის მიერ გამოყოფილი ალტერნატიული ფართის რეგისტრირებაზე უარს ეუბნება.

„მეუბნებიან პროკურატურაში ჯარიმა გაქვს გადასახდელი და ვერ გადაგიფორმებთ, ვიდრე არ გადაიხდიო. სად წავიდე ვეღარ გავიგე! მერიაში საბუთები მომცეს, აზომეს, ეს იქნება შენი ადგილიო და აღარ მიმტკიცებენ. თუ მომცეს, დამირეგისტრირონ კიდეც“, – აცხადებს ელგუჯა მაზმიშვილი და ამატებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის – „სათნოების სახლში ვიკვებები და საჭმელი ცოლ–შვილთან იქიდან მიმაქვს. მაგხელა თანხა როგორ დავფარო?!“.  ის უკვე სამი წელია ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარია.

პროკურატურასა და ქონების მართვის სააგენტოში მაზმიშვილის დავალიანებაზე კომენტარს არ აკეთებენ. ორივე უწყებაში აცხადებენ, რომ „ეს პირის პერსონალური ინფორმაციაა და ვერ გაასაჯაროვებენ“.

ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასულ წელს, ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულომ იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო. მაზმიშვილს მოთხოვნილი 19 კვ.მ–ის ნაცვლად 40კვ.მ ფართი გადასცეს. საკრებულოში კი მიწის ნაკვეთის გაორმაგება მაშინ ასე ახსნეს: „მოვიწვიეთ აუდიტი, რომელმაც შეაფასა. ვინაიდან ტბის ტერიტორიაზე 1 კვადრატული მეტრი შედარებით ნაკლები ღირს, ვიდრე საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე ღირდა, ჯამში გამოვიდა 40 კვადრატული მეტრი“.