ბოლნისში დაგეგმილი 12 ინფრასტრუქტურული პროექტი რეგფონდიდან 3 017 550 ლარით დაფინანსდება

671

2018 წელს ბოლნისში დაგეგმილი 12 პროექტიდან 8 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს. ჯამში, 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ბოლნისში განსახორციელებელ სამუშაოებს 3 017 550 ლარით დააფინანსებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ბოლნისში, წისქვილის ქუჩაზე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 147,175 ლარით დაფინანსდება, ლადო ასათიანის ქუჩაზე ანალოგიური სამუშაოსთვის კი 213,875 ლარი დაიხარჯება.

ასევე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ჩატარდება ბოლნისში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე (NN11-28), რისთვისაც 320,450 ლარია გამოყოფილი, ხოლო კოსტავას ქუჩაზე (NN 1-3) მსგავსი სამუშაოებისთვის რეგფონდში 72,500 ლარია გათვალისწინებული.

ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები შოთა რუსთაველის ქუჩაზე (NN1-9) გაგრძელდება, რისთვისაც რეგფონდმა 151,525 ლარი გაითვალისწინა, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, (ჩიხი გიორგი სააკაძისა და შოთა რუსთაველის ქუჩების კვეთებს შორის) ანალოგიური სამუშაოსთვის კი 99,325 ლარია გამოყოფილი. ამავე ქუჩაზე (NN1-11) ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებისთვის 130,500 ლარია გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურული პროექტების სიაშია სულხან-საბა ორბელიანის (NN97-115) ქუჩაზე არსებული (N4) ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტიც, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 217,500 ლარი დაიხარჯება.

გარდა საგზაო სამუშოებისა, დაგეგმილია N2 საბავო ბაღის რეაბილიტაციაც, რასაც რეგფონდიდან 398,750 ლარი მოხმარდება. განსახორციელებელ პროექტთა ჩამონათვალშია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე სისტემების მოწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 192,125 ლარია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, დაგეგმილია დაბა კაზრეთში ლიფტების რეაბილიტაცია, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  693,825 ლარია გამოყოფილი. ამავე ფონდიდან გამოყოფილი 380,000 ლარით სოფელ რაჭისუბანში გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.