ცაგერის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რეგფონდიდან 2 530 515 ლარს მიიღებს

1579

ცაგერის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 530 515 ლარი მიიღო. ამ თანხით მუნიციპალიტეტს 6 პროექტის შესრულება აქვს დაგეგმილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, დაგეგმილია ქალაქ ცაგერში ქუჩების მოასფალებია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,083,504 ლარი გამოიყოფა.

ადგილობრივ ხელისუფლებას წელს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობაც აქვს განზრახული, რისთვისაც რეგფონდიდან 594,087 ლარს დახარჯავს.

გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ცაგერის N2 საბავშვო ბაღს. ამისათვის ცენტრალურ ბიუჯეტში 420,633 ლარია განსაზღვრული.

რეაბილიტირდება, ასევე, უმწეოთა სასადილოც, რომლისთვისაც რეგფონდიდან 166,291 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე წელს ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქ ცაგერში სპორტული ტრენაჟორების მოწყობასაც გეგმავს. ამ პროექტს მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 76,000 ლარს მოახმარს.

ქვედა ცაგერში კი, ახალდასახლების უბანში, კანალიზაციის ქსელი მოეწყობა. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 190,000 ლარი გამოიყოფა.