2018 წელს რეგფონდიდან ხარაგაულში ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაფინანსდება

184

2018 წელს ხარაგაულში 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება – ამისათვის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 225 48 ლარს მიიღებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, დაგეგმილია სოფელ ლახუნდარის (ქვედა ლახუნდარა, ეკლესიის უბანი) ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რისთვისაც რეგფონდიდან 226,600 ლარია გამოყოფილი. ამავე ფონდიდან სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის კი 95,000 ლარია გათვალისწინებული. ასევე, გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ თეთრაწყაროში, რისთვისაც რეგონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 190,000 ლარი დაიხარჯება, ხოლო ანალოგიური სამუშაოსთვის სოფელ ქროლში 245,190 ლარია გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სოფელ ვაშლევის გზის რეაბილიტაციაც განხორციელდება (გაღმა ვაშლევი), რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 124,870 ლარია გათვალისწინებული, სოფელ საქასრიაში, რკინის ხიდის უბანში, გზის რეაბილიტაციას კი რეგფონდი 168,390 ლარით დააფინანსებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ ხონის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გაგრძელდება, რაზეც ცენტრალური ბიუჯეტიდან 183,000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ასევე, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ღარიხევში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რასაც რეგფონდი 114,000 ლარით დააფინანსებს.

პროექტი ასევე მოიცავს სოფელ უბისაში, ძინძიბოურის უბანში გზის რეაბილიტაციას, რაზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 132,110 ლარი დაიხარჯება, სოფელ სერბაისის გზის რეაბილიტაციას კი 182,400 ლარი მოხმარდება. ასევე გათვალისწინებულია სოფელ ვახანის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 132,120 ლარია გამოყოფილი.

ასევე, დაგეგმილია სოფელ ნუნისის გზის რეაბილიტაცია ხიდიდან მონასტერამდე, რომელსაც რეგფონდი 295,870 ლარით დააფინანსებს. ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე განხორციელდება სოფელ ლაშეში. ზედა ლაშეში გზის რეაბილიტაცია 265,730 ლარით დაფინანსდება, სოფელ ბორის გზის რეაბილიტაციაზე კი რეგფონდიდან 400,870 ლარი გამოიყოფა.

2018 წელს მოხდება სოფელ უჩამეთის გზის რეაბილიტაციაც, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში 152,930 ლარია გათვალისწინებული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება სოფელ მარელისშიც, სადაც კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 316,200 ლარი გამოიყოფა. განსახორციელებელ პროექტთა სიაშია სოფელ ახალსოფელში გზის რეაბილიტაციაც, რომელიც რეგფონდიდან 163,260 ლარით დაფინანსდება.

გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ასევე, სოფელ გრიგალათში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 295,090 ლარია გათვალისწინებული, 141,960 ლარი კი სოფელ ხუნევში კალოს უბნის გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.

ამასთან, სოფელ ნადაბურის გზის რეაბილიტაციას რეგფონდი 691,120 ლარით დააფინანსებს, სოფელ დეისის გზის რეაბილიტაციისთვის კი 510,090 ლარია გათვალისწინებული.

გზის რეაბილიტაციის გარდა, დაბა ხარაგაულში, ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და არხების გაწმენდის მეორე ეტაპია დაგეგმილი. ამისთვის კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში 198,680 ლარია გათვალისწინებული.