მირდატ ქამადაძე: თბილისისა და ბათუმის უფასო სასადილოების მენიუ იდენტურია, მაგრამ ხარჯებში დიდი სხვაობაა

736

ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ თბილისისა და ბათუმის უფასო სასადილოების მენიუ იდენტურია, თუმცა ხარჯებში დიდი სხვაობაა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ქამადაძე ამბობს, რომ ბათუმის უფასო სასადილოებში ერთ ადამიანზე 1 ლარი და 90 თეთრია გამოყოფილი, ხოლო თბილისისი სასადილოებში 1 ლარი და 16 თეთრი იხარჯება. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ თანხების ნაწილი საჯარო მოხელეების პირად ინტერესებს ხმარდება.

“ჩვენ ახლა ბათუმის ერთ-ერთ უფასო სასადილოში ვიმყოფებით. ხელში მაქვს თბილისისა და ბათუმის უფასო სასადილოების მენიუ, რომლებიც თითქმის იდენტურია. ბათუმში ერთ ადამიანზე 1 ლარი და 90 თეთრია გამოყოფილი, ხოლო თბილისის სასადილოებში 1 ლარი და 16 თეთრი იხარჯება, ანუ სხვაობას ვხვდებით ხომ? სად მიდის ეს თანხა? წლის განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. თანხა აუცილებლად სასადილოში უნდა დაბრუნდეს და ამ ადამიანებს მოხმარდეს, იმ თანხით კი მენიუს გამრავალფეროვნება შესაძლებელია. კითხვა გვაქვს, სად იხარჯება ეს მილიონი ლარი და ვის ჯიბეში მიდის ეს თანხა?”,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შალვა დანელია გამოეხმაურა. მისი თქმით, ბათუმის უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის საკვებზე დღიურად 1.16 ლარი იხარჯება, ხოლო დანარჩენი ნაწილი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ხელფასებსა და მომხმარებელთა საჩუქრებისთვის ნაწილდება.

ბათუმში 6 უფასო სასადილოა და მათ 4829 ბენეფიციარი ჰყავთ.