ბაღდათში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 898 734 ლარი გამოიყო

179

2018 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ ეტაპზე 6 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 898 734 ლარი გამოიყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები ბაღდათის მუნიციპალიტეტზე ასე გადანაწილდა:

სოფელ კაკასხიდიდან სოფელ ხანამდე გზის მონაკვეთის ბეტონის საფარის მოწყობაზე 688,389 ლარი გამოიყო.

სოფ. პირველი და მეორე ობჩის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინოულთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის – 1,088,463 ლარი;

სოფელ პირველ ობჩაში მთისძირისკენ მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 380,000 ლარია გამოყოფილი.

ბაღდათში,  სალხინოს ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 402,382 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოებზე 484,500 ლარია გამოყოფილი.

განსახორციელებელ პროექტთა სიაშია ბაღდათი-საკრაულას საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 855,000 ლარი გამოიყო.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.