შემცირდება თუ არა კორუფციის რისკი? – თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესი იცვლება

თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესი იცვლება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხუთშაბათს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მიზეზი კი აქამდე არსებული გაუმჭვირვალე სისტემაა, რომელიც კორუფციის რისკებს შეიცავს.

კალაძის ინფორმაციით, მერია ამ მიმართულებით მიმდინარე წელს დაახლოებით 28 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხის ეფექტურად და გამჭვირვალედ განსაკარგავად კი საჭიროა, დაფინანსების წესში ცვლილება შევიდეს.

კახა კალაძე, თბილისის მერი

“დაახლოებით 28 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ამ მიმართულებით 2018 წელს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი იყოს ძალიან ეფექტური. ნაცვლად არსებული პრაქტიკისა, ყველა ინფრასტრუქტურა განხორციელდება ტენდერების საფუძველზე, რომელსაც გამგეობები გამოაცხადებს. იცით, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ თანადაფინანსებით და ამხანაგობებს უნდა შეეგროვებინათ ფული 10-20-30%, ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილებები. 100%-ით დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა კონკრეტული პროექტის ღირებულების 10%-ს წარმოადგენს. ამხანაგობებმა საერთო კრებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დამატებით რა ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს მოახმარენ შემდგომ ამ თანხას. ყოველივე ეს ხელს შეუწობს თანხების რაციონალურ და ეკონომიკურ ხარჯვას, რაც მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს, რომელიც ასევე გამორიცხავს კორუფციის რისკებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორი იქნება დაფინანსების ახალი სქემა?

მთავარი სიახლე ის არის, რომ პროექტების განსახორციელებლად კონტრაქტორ კომპანიას გამგეობები კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით გამოავლენენ. როგორც მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განმარტა, “დღემდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე უკეთებდა იდენტიფიცირებას პრობლემას, თავად პოულობდა კონტრაქტორ კომპანიას და შემდგომში, ყოველგვარი ტენდერის გარეშე ხდებოდა გამგეობების მიერ ამ პროექტების დაფინანსება. ბუნებრივია, რომ ასეთი პრაქტიკა ძალიან სერიოზულად ზრდიდა კორუფციის რისკებს და იწვევდა თანხების არაეფექტურ ხარჯვას”.

ახალი წესის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარემ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურული პრობლემის შესახებ უნდა აცნობოს გამგეობას, რის შემდეგაც გამგეობა მოამზადებს პროექტს, დათვლის პროექტის ღირებულებას და ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის საშუალებით უზრუნველყოფს კონკრეტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. “ამისათვის, გამგეობა გამოაცხადებს ზოგად, გამსხვილებულ ტენდერებს, ნაცვლად უამრავ კერძო პირთან და კონტრაქტორთან მოლაპარაკებისა, რაც ზრდიდა ხარჯებს და ტვირთად აწვებოდა ბიუჯეტს“, – უთხრეს droa.ge-ს მერიაში.

მეორე სიახლე ისაა, რომ გაუქმდება თანადაფინანსების წესი და პროექტებს მერია და გამგეობები 100%-ით დააფინანსებენ, თუმცა, ერთი დათქმით – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა პროექტის ღირებულების 10% მაინც უნდა მოაგროვონ, მაგრამ ეს თანხა თავად ამ პროექტის განხორციელებას არ მოხმარდება. მერიაში თქვეს, რომ ამხანაგობებმა საერთო კრებაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა ინფრასტრუქტურულ საჭიროებას მოახმარენ ამ თანხას.

ილია ელოშვილი, თბილისის მერის მოადგილე

“ეს არის თვითდაფინანსება და არა თანადაფინანსება. ასეთი მიდგომით მთლინად აღმოვფხვრით კორუფციის რისკებს, მოხდება ტენდერების მეშვეობით თანხების ეფექტური ხარჯვა და შესაბამისად, განხორციელდება უფრო მეტი პროექტი. ამხანაგობა გადაიქცევა რეალურად იმ რგოლად, რაც თავიდან იყო მოაზრებული – გამგეობასა და მოსახლეობას შორის ეფექტური, გამჭვირვალე კომუნიკაციის და თანამშრომლობის ინსტრუმენტად”, – განაცხდა ილია ელოშვილმა.

მოაგვარებს თუ არა დაფინანსების ახალი წესი დღეს არსებულ პრობლემებს?

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ყიფიანი, რომელიც, ამავდროულად, ერთ-ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ დღეს მოქმედი სისტემა გაუმართავია, ის მართლაც შეიცავს კორუფციის რისკებს და დახვეწა სჭირდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ვერც მერიის ოპტიმიზმს იზიარებს. მისი თქმით, კონსოლიდირებულმა ტენდერებმა, შესაძლოა, გარკვეულ პრობლემები შექმნას.

დავით ყიფიანი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში

“მაგალითად, კომპანიამ, რომელიც მოიგებს კანალიზაციის ტენდერს, უნდა შეასრულოს არა ერთი კონკრეტული პროექტი, არამედ ყველა ის N რაოდენობის პროექტი, რაც დაფინანსების მოთხოვნით გამგეობაში შევა. შესაბამისად, ერთი ამხანაგობას თუ წლის დასაწყისში მოუგვარდება ეს პრობლემა, რიგში მდგომ რომელიღაც ამხანაგობას, რომელსაც კანალიზაციის მოწესრიგება დღესვე სჭირდება, შეიძლება მხოლოდ წლის ბოლოს მოუწიოს რიგი. თუ ამ სისტემაში მე შემეძლო, დღესვე დავკავშირებოდი კომპანიას და დღესვე მომეგვარებინა საკითხი, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოდ, რიგში დგომა მომიწევს”, – ამბობს დავით ყიფიანი.

რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა პროცესი უფრო გამჭვირვალე, ყიფიანი თვლის, რომ გარკვეული საკითხები მოგვარდება, თუმცა, გამჭვირვალობის კუთხით ვითარება დიდად არ შეიცვლება, რადგან კორუფციის რისკი ტენდერების შემთხვევაშიც არსებობს: “ჩვენ გვქონია არაერთი შემთხვევა, როცა სატენდერო პირობებს ერთ რომელიმე კომპანიას არგებენ. ამიტომაც იმის თქმა, რომ ეს სისტემა ბოლომდე გამჭვირვალეა, გადაჭარბებული მგონია. გარდა ამისა, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, სამუშაოს მოცულობა სხვაა, სხვის შემთხვევაში – სხვა. რას იზამს? როგორ უნდა გააკეთოს ამის კონსოლიდირება? კვადრატული მეტრობით? გაცილებით უფრო დაფარული ხარჯები შეიძლება გაჩნდეს”.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში, სავარაუდოდ, დადგება, იმ წვრილი კომპანიების ბედია, რომლებიც დღემდე ამხანაგობებს ემსახურებოდნენ. ეს კომპანიები, შესაძლოა, გაკოტრების რისკის ქვეშ დადგნენ, რადგან მათ მსხვილბიუჯეტიან კომპანიებთან კონკურენციაში შესვლა მოუწევთ. “ერთია, როცა 2-3-ათასლარიან პროექტს აკეთებ და მეორეა, როდესაც ჯამურად ძვირადღირებული პროექტის განხორციელება გიწევს. ამისათვის მეტი ფინანსური და ტექნიკური რესურსია საჭირო, რაც, ხშირ შემთხვევაში, მცირე ზომის კომპანიებს არ აქვთ. ამიტომაც იმის რისკი, რომ ამ სფეროში არსებული წვრილი ბიზნესი მოკვდეს, დიდია“, – ამბობს დავით ყიფიანი.

რაც შეეხება პროექტის 10%-ს, რომლის მოგროვება ამხანაგობას მაინც მოუწევს, ყიფიანი ფიქრობს, რომ ამხანაგობებს თავისუფალი ოპერირების შესაძლებლობას მისცემს, თუმცა, ამ შემთხვევაში ისევ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ, ვინაიდან მერიას არ განუმარტავს, ვინ ახდენს ამ თანხის განკარგვის მონიტორინგს.

“როგორც ვხვდები, მიზანი არის ის, რომ ამხანაგობებმა შეძლონ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც მერიის მიერ დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალში არ არის. ანუ ამხანაგობას უჩნდება თავისუფალი ოპერირების თანხა, რომლის განკარგვის შესაძლებლობაც მას სხვა პროექტებზე აქვს. თუმცა, აქ არის მეორე რისკი – ვინ ახდენს მონიტორინგს? ამას მოსახლეობა ვერ გააკეთებს. ამხანაგობის თავმჯდომარის კეთილსინდისიერების იმედზე უნდა ვიყოთ ისევე, როგორც დღემდე არსებული სისტემის პირობებში ვიყავით? კარგი იქნება, თუ მერია უფრო მეტად განმარტავს იმ სიახლეებსა და ცვლილებებს, რასაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში გეგმავს”, – ამბობს დავით ყიფიანი.

მისი თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ბევრი სხვა პრობლემა აქვთ, რომელიც შესაცვლელია, მათ შორის, კანონმდებლობაში. მაგალითად, საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი. “მაგალითად, ჩემთან არის ბინა, რომელიც რეგისტრირებულია ქალბატონზე, რომელიც წლებია, საქართველოში არ ცხოვრობს. ამიტომ როცა მე გადაწყვეტილების მიღებისას ამხანაგობის წევრთა 100%-ის ხელმოწერას მთხოვენ, შეუძლეებელია, ეს მოვაგროვო”, – ამბობს ყიფიანი.

ამ ეტაპზე თბილისის მერია მხოლოდ დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ დაფინანსების ახალი წესი კორუფციის საფრთხეს შეამცირებს. აქვს თუ არა გაანალიზებული რისკები, რაც ახალ სისტემასაც ახლავს, ამის შესახებ, როგორც ჩანს, დედაქალაქის ხელისუფლებას მეტი განმარტების გაკეთება მოუწევს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები