საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის ეროვნული შეფასება

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნულ ბლოკები შეფასების 100 კრიტერიუმს აერთიანებს.

2017 წელს მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება განხორციელდა 15 მაისიდან 15 ივლისის პერიოდში. შეფასდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობა მიიღო 10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა.

შეფასება განხორციელდა ონლაინ პლატფორმის – WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით.

პირველადი შეფასებების შემდეგ, მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გაცნობოდნენ საკუთარი შეფასების შედეგებს და დაეფიქსირებინათ შენიშვნები. პროექტის გუნდმა ყველა დასაბუთებული შენიშვნა გაითვალისწინა შეფასების საბოლოო ანგარიშში.

რეიტინგი საერთო ქულის მიხედვით

მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი მხოლოდ 21%-ია, მერია/გამგეობების – 19%, ხოლო საკრებულოების – 24%.

შეფასების შედეგების მიხედვით, 2017 წლის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი გამოვლინდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 50%-იანი შედეგი აქვს. რუსთავის შემდეგ, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ თელავის (44%), ოზურგეთის (44%), ჩხოროწყუსა (42%) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები (40%).

რეიტინგი ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების მიხედვით

აღმასრულებელი ორგანოების (მერია/გამგეობა) საშუალო მაჩვენებელი შეფასების 100%-იან სკალაზე 19%-ია. ისევე, როგორც მუნიციპალიტეტების საბოლოო (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შეჯერებული შედეგები) შეფასებაში, საუკეთესო შედეგების მქონე აღმასრულებელი ორგანოების სათავეში აქაც ქალაქ რუსთავის მერიაა 49%-ით. შემდეგ მოდის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა – 44%, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 41%, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 39% და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 37%. ყველაზე დაბალი შედეგები კი ასპინძის, წალკის, თერჯოლისა და ქარელის გამგეობებს აქვთ.

წარმომადგენლობითი ორგანოები – საკრებულოები

საკრებულოების შეფასების საშუალო მაჩვენებელი შეფასების 100%-იან სკალაზე 24%-ია, რაც 5%-ით აღემატება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების შეფასების საშუალო მაჩვენებელს. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, ყველაზე საუკეთესო შედეგი ოზურგეთის საკრებულომ აჩვენა – 57%, შემდეგ მოდის რუსთავის (51%), თელავის (50%), ლაგოდეხისა (43%) და ჩხოროწყუს (40%) საკრებულოები.

შეფასების შედეგები:

  • შეფასების 100%-იან სკალაზე, მუნიციპალიტეტების საშუალო/ჯამური შედეგი მხოლოდ 21%-ია;
  • მუნიციპალიტეტების უმეტესობა ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს;
  • მხოლოდ 10-12% აქვეყნებდა (ისიც არასრულად) ინფორმაციას ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ;
  • აღმასრულებელი ორგანოების 40%-ზე მეტი საერთოდ არ აქვეყნებდა ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე მიმდინარე ტენდერების შესახებ;
  • 50%-ზე მეტი არ აქვეყნებდა წლიურ ანგარიშებს;
  • თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (ონლაინ ნებართვები, SMS შეტყობინება, ონლაინ გამოკითხვა);
  • მუნიციპალური ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (34%);
  • ბოლო ერთწლიან პერიოდში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები არ ჩატარებულა 60%-ზე მეტში;
  • მონაწილეობის საბიუჯეტო პროგრამები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა;
  • საკრებულოების 70%-ზე მეტი არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, არ აქვეყნებს სხდომის ოქმებს;
  • 60%-ზე მეტ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრაქტიკა;
  • თითქმის არ ქვეყნდება მუნიციპალური იურიდიული პირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ ანგარიში სრულად

მსგავსი სიახლეები