ყვარელში ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა

685

თელავი-ყვარლის მთავარ გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდთან, ბიოუსაფრთხოების პუნქტმა დაიწყო ფუნქციონირება.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პუნქტი ყვარელში სოფლის მეურნეობის მინისტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
ლევან დავითაშვილის თქმით, დღეიდან კახეთის რეგიონს გადასრეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების სამი პუნქტი მოემსახურება.

,,ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია გადასარეკ ტრასებზე დაინფიცირებული პირუტყვის გადაადგილებისა და შესაბამისად, ინფექციების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილება. ეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, მეცხოველეობის დარგის სტიმულირებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს. ბიოუსაფრთხოების პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ბიოუსაფრთხოების პუნქტში შესაძლებელია 3 ათასამდე როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება ევროპული სტანდარტების ინსექტო-აკარიციდული პრეპარატები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან. ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები უკვე მოქმედებს დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ყვარელში, მარნეულსა და რუსთავში. ქვეყნის მასშტაბით სულ 8 პუნქტის მშენებლობაა დაგეგმილი”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წყარო: კახეთის ხმა

ფოტო: კახეთის ხმა