არჩევნების დღის წინასწარი შეფასება – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი

არჩევნების დღემ, ძირითადად, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიების წევრებმა, პარტიების აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპებისადმი თავიანთი ერთგულების დამტკიცება. საკანონმდებლო და საარჩევნო რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებთან მეტწილად თანხვედრაში იყო.
NDI-ის დამკვირვებლების შეფასებით, მივლენილ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დროულად ან მცირე შეფერხებებით დაიწყო. დღის განმავლობაში კონკრეტულ უბნებზე ხმის მიცემის პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო და ხმების დათვლის პროცესმაც, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა. თუმცა NDI-ის დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნასა და პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების დათვლის პროცესში ჩარევას უკავშირდებოდა.

ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, უბნების უმეტესობაზე ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოყოფენ მარნეულში დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებსა და ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლების პირადი ნომრების ამოწერის გავრცელებულ შემთხვევებს. ასევე, აღსანიშავია, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს.

“ოპოზიციური პარტიების ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს,” – აცხადებს NDI. “მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მტკიცებულებების წარმოსადგენად ყველა ღონე იხმარონ. ვიმედოვნებთ, რომ ცესკო და არჩევნებში ჩართული სხვა ინსტიტუტები, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაზრდის მიზნით, წარმოდგენილი საჩივრების დროულ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფენ.“

კამპანიის პერიოდში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მასზე დაკისრებული ვალდებულებები დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ შეასრულა. დამკვირვებლების შეფასებით, ცესკომ ქვედა დონის კომისიების თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად აწარმოებდნენ საარჩევნო პროცესების მონიტორინგს, ავსებდნენ საჩივრებს და იძლეოდნენ რეკომენდაციებს. კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას ეხებოდა. ეს ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელსაც წინა ხელისუფლებებიც მიმართავდნენ.

საარჩევნო კამპანია, თბილისის მიღმა, კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდებოდა. არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს პირობებში მმართველმა პარტიამ დეკლარირებული პოლიტიკური შემოწირულობების დაახლოებით 90 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდა, სადაც მთავრობის მიღწევებისა და ღონისძიებების წარმოჩენას ეფექტურად ახერხებდა. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციურ პარტიებს მწირი რესურსებისა და საგრძნობლად დაბალი ხილვადობის პირობებში უწევდათ მოქმედება. ასეთმა უთანასწორობამ და წინასაარჩევნოდ პოლიტიკისა და საკითხების ირგვლივ დებატების ნაკლებობამ ჯანსაღ შეჯიბრს ხელი შეუშალა.

საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ქალების დაბალი წარმომადგენლობა კვლავ დიდ პრობლემად რჩება. ქალები პროპორციული სიის დაახლოებით 37 პროცენტს, მაჟორიტარობის კანდიდატების 16.5 პროცენტს, ხოლო მერობის კანდიდატების 13.5 პროცენტს შეადგენდნენ. “ქართულმა ოცნებამ” 64 ოლქში მერობის მხოლოდ ორი ქალი კანდიდატი დაასახელა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “პატრიოტთა ალიანსმა” კი – შვიდ-შვიდი.

22 ოქტომბრის 11 საათის მდგომარეობით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული ხმების 55.65 პროცენტი მიიღო, რაც 2014 წლის 50.82 პროცენტთან შედარებით ზრდას წარმოდგენს. მმართველმა პარტიამ საკრებულოს მაჟორიტარული მანდატების უმეტესობა მოიპოვა. საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის დაწესებული ოთხ პროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს: “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “პატრიოტთა ალიანსმა”. მერების არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში, მათ შორის თბილისში, და 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში პირველივე ტურში გაიმარჯვა. ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების მეორე ტური, “ქართული ოცნების” კანდიდატების მონაწილეობით, 6 ოლქში ჩატარდება. საკრებულოს არჩევნების შედეგების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით მერის პოზიციის დაკავება მხოლოდ ერთმა ქალმა კანდიდატმა შეძლო.

არჩევნების პირველადი შედეგები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა. ეს ტენდენცია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს ყველა მთავრობას ახასიათებს და დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
“ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ქვეყანაში ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს. შექმნილ ვითარებაში ინკლუზიური მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შექმნის პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლებას ეკისრება,” – აცხადებს NDI.

გამოქვეყნებული ანგარიში NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის შეფასებას წარმოადგენს. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ: კარლ ინდერფურტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; მარგარეთ კურანი, ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; რაინ მაკლინი, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონის ყოფილი მერი; ნინა იანკოვიჩი, დემოკრატიის, მმართველობისა და კომუნიკაციების სპეციალისტი; ალექსანდრა კურატკო-ფანი, არჩევნებისა და საპარლამენტო განვითარების ექსპერტი; დონალდ ბრაუნლი, ვირჯინიის შტატის კონგრესმენის – ჯერალდ კონოლის – კამპანიის მენეჯერი; ებრუ აგდუკი, NDI თურქეთის ოფისის დირექტორის მოადგილე; მელისა მუსიო, NDI-ის პროგრამების დირექტორი; და ლორა თორნტონი, NDI-ის გლობალური ექსპერტი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. მუშაობის პროცესში დელეგაცია წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და 12 გრძელვადიანი დამკვირვებლისა და ორი გრძელვადიანი ანალიტიკოსის შეფასებებს ეყრდნობოდა.

თბილისში დელეგაციის წევრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრნენ, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდნენ. არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები 100-ზე მეტი საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს აკვირდებოდნენ.

NDI-ის დელეგაციის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებული ანგარიში წინასწარ შეფასებას წარმოადგენს. NDI გააგრძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგს არჩევნების მეორე ტურის პროცესში და შესაბამისად წარადგენს შემდგომ ანგარიშებს.

NDI ყველა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციისა და მისი თანმდევი საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის დაცვით აწარმოებს. ეს დოკუმენტები აღიარებულია 52 წამყვანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ. სადამკვირვებლო საქმიანობას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (UშAID) აფინანსებს.

იხილეთ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში

NDI – ფინალური პრესრელიზი – Geo

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის განცხადება საქართველოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით

NDI – არჩევნების დღის წინასწარი შეფასება – Eng

მსგავსი სიახლეები