რას ითხოვენ ქალი ამომრჩევლები

1486

საქართველოს მოსახლეობის 52% და ოფიციალურად რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% ქალია. როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ისე ქართული და საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციების არაერთ კვლევასა და ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სხვადასხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი ევროპისა და ამერიკის არჩევნების ანალიზისას, ხშირად ვხვდებით არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამებისა და დაპირებების გენდერულ ჭრილში ანალიზს. ხშირია არჩევნების შედეგების, მათ შორის, არჩევნებზე მისული ელექტორატის გენდერული შემადგენლობის და გამარჯვებულის განსაზღვრაზე ქალი ამომრჩევლებისა და მათი უპირატესობების გავლენის ანალიზიც.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით, ამ ტიპის დისკურსს თითქმის არ ვხვდებით. ქალი ამომრჩევლების პრობლემებსა და მათ უპირატესობების განსაკუთრებული აქცენტები არც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში იკვეთება. სწორედ, ამ მნიშვნელოვანი ხარვეზის ნაწილობრივ შევსების მცდელობაა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელისა (R-CSN) და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევა, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენას მიეძღვნა. კვლევას სამი ძირითდი ამოცანა აქვს: (ა) არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და კანდიდატებს გააცნოს ქალი ამომრჩევლების პრობლემები, (ბ) ცხადყოს გარკვეული სხვაობები ქალი და კაცი ამომრჩევლების პრიორიტეტებს შორის და (გ) შექმნას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის – არჩევნების გენდერულ ჭრილში ანალიზის მაგალითი და ხელი შეუწყოს ამ პრაქტიკის დამკვიდრებას.

კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე R-CSN და მისი ცალკეული წევრები არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ მუშაობას და ეცდებიან, რომ ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები ნათლად აისახოს ადგილობრივი ბიუჯეტებისა და პროგრამების ფორმირების პროცესზე და თვითმმართველობის საქმიანობაზე.

ქალთა პრიორიტეტების იდენტიფიცირებისთვის R-CSN-მა, 2017 წლის სექტემბერში, ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1106 რესპოდენტმა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ქალები.

კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა სტრუქტურირებული კითხვარი ღია და დახურული კითხვებით. პრიორიტეტული საკითხები რესპონდენტებმა წინასწარ მომზადებული სიიდან აარჩიეს. ამ სიაში მხოლოდ ის საკითხები იყო შეტანილი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. რესპონდენტებს ჰქონდათ „სხვა“ საკითხის დამატების შესაძლებლობაც.

ძირითადი შედეგები

რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება
  2. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა
  3. პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება
  4. ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება
  5. ნარჩენების მართვა

გარდა ამისა, პრობლემური საკითხების სიაში მოხვდა უპატრონო ცხოველების პრობლემის მართვა, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველები, და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა.

თითოეული ეს საკითხი ქალების მდგომარეობას სპეციფიურად უკავშირდება. მაგალითისთვის, როგორც თავად ქალი რესპონდენტები აღნიშნავნდნენ, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში მათთვის განსაკუთრებით პრობლემურია მოუწესრიგებელი გზის საფარი, ტროტუარების სიმცირე და სივიწროვე. ასევე, ზამთარში მოყინვის საწინააღმდეგო ღონისძიებების (დროულად) გაუტარებლობა, რის გამოც ტროტუარებზე უსაფრთხოდ გადაადგილება რთულია, განსაკუთრებით საბავშვო ეტლით და/ან ჩვილი ბავშვით ხელში. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის საკითხი ქალების ტრადიციულ როლთან – „სახლის საქმეებთან“ არის კავშირში, რაც რიგ შემთხვევებში გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურთან კავშირში ორმაგად ამძიმებს ქალების მდგომარეობას, განსაკუთრებით კი სოფლად სადაც საქონლის მოვლასთან დაკავშირებულ სანიტარიის საკითხებზე პასუხისმგებლობა ქალებს ეკისრებათ. პარკებისა და სკვერების პრობლემა ეკოლოგიასთან, ბავშვების ჯანმრთელობასთან, მათი გართობისა და ქალებისთვის საჯარო სივრცეში ურთიერთობის საჭირო სივრცეების გაუმართაობა-ნაკლებობასთან არის კავშირში (ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იქ სადაც ტრადიციულად ქალების საჯარო სივრცეში ურთიერთობა შეზღუდულია). ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სიმწირე ან/და გაუმართავი მუშაობა, ბუნებრივია, ბავშვების კეთილდღეობასთან არის კავშირში, თუმცა ამავდროულად ეს გავლენას ახდენს დედების საქმიანობაზეც, როგორც სახლში („სახლის საქმეებთან“ მიმართებით), ისე – სამსახურში. იმის გამო, რომ ბაღების მუშაობის გრაფიკი არ ემთხვევა დედების სამუშაო გრაფიკს (მათ შორის, საჯარო სამსახურში), მათ ხშირად უწევთ სამსახურში დაგვიანება ან/და სამსახურიდან ადრე გამოსვლა.

ქალთა მიმართ ძალადობას რაც შეეხება,  იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას სცდება, ქალებმა ჩათვალეს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მეტად უნდა იზრუნონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებაზე, მათ შორის, თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობაზე და სხვა მექანიზმებისა და სერვისების შექმნაზე.

კვლევა შეეხო იმასაც, თუ რა სახის კომუნიკაცია უნდა არსებობდეს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს და ქალ ამომრჩევლებს შორის; რას აქცევენ ყურადღებას ქალი ამომრჩევლები არჩევანის გაკეთებისას და როგორ უნდა ხდებოდეს ქალებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობებში.

რესპონდენტების 29%-ის სურვილია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო კანდიდატებმა თავად ჰკითხონ ქალებს მათი პრობლემების შესახებ. 28%-ის აზრით ინიციატივა ქალებმა და მოქალაქეთა ჯგუფებმა უნდა აიღონ ხელში. 22% კი ამ როლის შესრულებას არასამთავრობო სექტორს ანდობს.

არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რომ რესპონდენტთა 67% ფავორიტი პარტიისა თუ კანდიდატის შერჩევისას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რომელი პარტია/კანდიდატი ეხმიანება საარჩევნო პროგრამაში ან/და გამოსვლებში ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ან/და ქალების უფლებებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ასპექტი  მხედველობაში მისაღები არ არის გამოკითხულთა მხოლოდ 17,5%-სთვის.

შერჩევაში მონაწილე ქალების საშუალო ასაკი 40 წელია.

ანგარიში მომზადდა  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის  ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ კვლევა სრულად