საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ განცხადება სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

631

საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. ბლოკი ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ინციდენტს და იმედს გამოთქვამს, რომ ”მომხდარი გაუგებრობა არ მოახდენს ზეგავლენას ბლოკის და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემდგომ თანამშრომლობაზე“.

“პირველ რიგში გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პატივისცემა მედიის მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ემთხვევა ან ეწინააღმდეგება კონკრეტული მედიის ფასეულობები და სარედაქციო პოლიტიკა ჩვენი გუნდის სტრატეგიასა და ხედვებს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ურთიერთობები, მათ შორის ოპონირებაც დარჩეს ურთიერთპატივისცემისა და კორექტულობის ჩარჩოებში.

შესაბამისად, ჩვენთვის იყო ძალზე უსიამოვნო ინციდენტი 2 ოქტომბერს “რუსთავი 2“-ის ეთერში განვითარებული მოვლენები, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან სტუდიის დატოვება ჩაითვალა აღნიშნული ტელევიზიის უპატივცემულობად. ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს იყო კონკრეტული რესპოდენტების მიერ ადგილზე მიღებული ემოციური გადაწყვეტილება და არანაირად არ ასახავს ჩვენი ბლოკის ოფიციალურ პოზიციას. კიდევ ერთხელ გვსურს დავადასტუროთ, ჩვენი პატივისცემა ყველა ჟურნალისტის მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა არ მოახდენს ზეგავლენას ჩვენი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემდგომ თანამშრომლობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი