კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდა

643

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ჩავიდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა და მიმდინარეობს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები.

“ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ აქ ქვაჯვარი არ დაიდგმება. მოიძებნება სპეციალური ადგილი, სადაც შეძლებენ ჯვრის დადგმას. ჩვენ ვრჩებით აქ და ვაკვირდებით სარესტავრაციო სამუშაოებს”,- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.

დღეს, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში ადგილობრივმა ეთნოკურამ სომეხმა მოსახლეობამ წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა გადაწყვიტეს, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

მოგვიანებით, სოფელში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა და მოსახლეობასთან მოლაპარაკება გამართა.  შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ პოლიციასთან დღევანდელი დაპირისპირების დროს დაკავებულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს გაათავისუფლებენ, ეკლესიის ტეროტორიაზე ჯვრების დადგმის საკითხს კი სასულიერო პირები შეისწავლიან. ამის შესახებ მოსახლეობას დეპუტატმა სამველ მანუკიანმა განუცხადა. ამასთან, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სპეცრაზმი ტერიტორიას დატოვებს და მოსახლეობაც დაიშლება.

წყარო: იმედინიუსი