საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე არსებული საბაგიროები სრულფასოვნად ფუნქციონირებს ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბაგიროებში განსაზღვრულია ადამიანთა რაოდენობა, ტურნიკეტები შეღობილია, ტერიტორიას კი აკონტროლებს დაცვის სპეციალური სამსახური, ხოლო ნიღბის გარეშე არ დაიშვება არც ერთი მომხმარებელი.
„მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელთა ნაწილი არ იცავს დაწესებულ რეგულაციებს და ამით საფრთხეში აგდებს არა მარტო საკუთარ, არამედ ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა როგორც გუდაურში, ასევე სხვა სამთო კურორტებზე დაცული იყოს ეპიდემიოლოგიური სტანდარტები და რეგულაციები, რაც აუცილებელია სამთო კურორტზე არსებული საბაგიროების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.