გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას სახელმწიფო აუდიტი ამოწმებს

704

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე იმ კომპანიაშია შესული, რომელიც გორის მერიამ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგისთვის დაიქირავა. ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” გორის მერმა დაუდასტურა.

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული უწყება განხორციელებული სამუშაოების ზედამხედველობის მიმართულებით გორში წელს დაინტერესდა.

შესაბამისი შეტყობინება მიიღო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ანესაშვილმაც. მისი აზრით, აუდიტორული შემოწმება წელს საქართველოს მასშტაბით არსებულ სამსახურებში ხდება და დასკვნაში მისი სამსახურის შესახებ შენიშვნებს არ ელოდება.

“ჯერჯერობით დოკუმენტები არ მოუთხოვიათ. გაგვაფრთხილეს, რომ წლის განმავლობაში შემოვლენ. როდის და რა დოკუმენტაციას გაითხოვენ ეტაპობრივად, ჯერ არ ვიცით. ნამდვილად არ ვიცით, ჩვენი სამსახური რატომ შეარჩიეს. როგორც ვიცით, საქართველოს მასშტაბით ამოწმებენ მუნიციპალიგტეტების სამსახურებს. შენიშვნებს არ ველოდებით. ვფიქრობთ, ყველაფერი წესრიგში გვაქვს”, – აცხადებს ზვიად ანესაშვილი.