მგზავრობის ტარიფი და გადახდის სისტემა იცვლება

712

1 აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსით, ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი 50 თეთრით იქნება შესაძლებელი.

ე.წ. ლურჯი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი ხდება, ანუ გადახდის ერთიან სისტემაში ჩაერთვება.

გადახდის ინტეგრირებული სისტემა გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა.

მგზავრობის ტარიფი 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება.

ტარიფის ცვლილება არ ეხება ე.წ. ყვითელ მოკროავტობუსებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსნის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებისთვის ტარიფთან დაკავშირებით, მერია სუბსიდირების ფორმას გამოიყენებს, რაც მგზავრობის ტარიფში ახლაც მოქმედებს.

„ტარიფის შემცირებასთან ერთად ამუშავდება საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ გადაადგილება, თუ აქამდე ეს მხოლოდ ავტობუსსა და მეტროზე ვრცელდებოდა, რეფორმის ფარგლებში ამას დაემატება ლურჯი მიკროავტობუსებიც. ასევე, ყველა ის შეღავათი, რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდა მომხმარებელი, შესაძლებელი იქნება გამოიყენონ მიკროავტობუსებშიც.

რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოსახლეობას მგზავრობას დავუსუბსიდირებთ. ზუსტად იმიტომ, რომ რეფომის ფარგლებში მოხდეს მოსახლეობის წახალისება და შესაძლებელი იყოს, გადასხდნენ კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მერია რა თქმა უნდა, ამაში თანხას დახარჯავს. ეს ბიუჯეტის გადანაწილების ნაწილია, კონკრეტულად რომელიმე პროექტს ეს თანხა არ დააკლდება. ეს არის 10-წლიანი გეგმის ნაწილი და იმის ხარჯზე, რომ ყოველწლიურად მგზავრთნაკადის რაოდენობა 15%-ით იზრდება, ვფიქრობთ, რომ მივიღებთ დამატებით შემოსავლებს“, – განაცხადა წილოსანმა „საქმიანი დილის“ ეთერში.