2021 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 24 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში 25 პროექტს დააფინანსებს

1083

წინა სტატია

2021 წელსი მაღალმთიან დასახლებებში 10 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას, 5 მლნ ლარი კი – სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება, – ამის შესახებ დღეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე იმსჯელეს. სხდომა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრებმა დღეს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განიხილეს, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს 10 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას, 5 მლნ ლარი კი – სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება.

გამოყოფილი თანხით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 24 მუნიციპალიტეტში 25 პროექტს დააფინანსებს.

მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის“ 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

2019-2023 წლების მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და 2023 წლისთვის არსებული დემოგრაფიული ვითარების შერბილებას მაღალმთიან რეგიონებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

დოკუმენტი ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას სამი მიმართულებით – მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა.

2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია, ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა; ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება; ასევე – მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 797 დასახლებას (საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 48 %), მათ შორის 9 ქალაქს, 21 დაბას და 1 767 სოფელს. ამ დასახლებებში, 2014 წლის აღწერით, ცხოვრობს 358.4 ათასამდე ადამიანი (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9%). 2021 წლის მარტის მონაცემებით, სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 258.4 ათასი ადამიანი და 439 საწარმო.