რა გაკეთდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის 2019-2020 წლებში – მინისტრის ანგარიში

460

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს. სხდომა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ანგარიშის განხილვისას განაცხადა, კანონით დადგენილი შეღავათების გასაწევად 2019-2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 157 მილიონამდე ლარი მიიმართა.

მისი თქმით, კანონით განსაზღვრული მხარდაჭერა გაეწიათ ოჯახებს შვილის შეძენისას; მასწავლებლებს, ექიმებს, ექთნებს, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს და დაფინანსდა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათი.

ასევე, საბჭოს სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრებმა წარადგინეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 19 მუნიციპალიტეტში სულ დაფინანსდა 21 პროექტი, მათ შორის: გზის, წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა პროექტები.

2.98 მლნ ლარით დაფინანსდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამა, დაახლოებით 8,5 მლნ ლარი კი ყურძნის შესყიდვა- გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდა.

ამასთან, 2019-2020 წლებში, სამოქმედო გეგმის თანახმად, დაიგო და პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 380 კმ გზას, აშენდა სასწრაფო დახმარების 13 შენობა და აღიჭურვა მაღალი გამავლობის 12 სასწრაფო დახმარების მანქანით, აშენდა ან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 134 ამბულატორიას, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 34 სკოლას, აშენდა 7 საზოგადოებრივი ცენტრი, გაზიფიცირდა 53 მაღალმთიანი დასახლება, მზის პანელები დაუმონტაჟდა 207 ოჯახს.

სამინისტროს ცნობით, 2019-2023 წლების მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და 2023 წლისთვის არსებული დემოგრაფიული ვითარების შერბილებას მაღალმთიან რეგიონებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 797 დასახლებას (საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 48 %), მათ შორის 9 ქალაქს, 21 დაბას და 1 767 სოფელს. ამ დასახლებებში, 2014 წლის აღწერით, ცხოვრობს 358.4 ათასამდე ადამიანი (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9%). 2021 წლის მარტის მონაცემებით, სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 258.4 ათასი ადამიანი და 439 საწარმო.