მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კანონში შესული ცვლილებით, 2021 წლის 1–ელი იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია, სოციალური დახმარების დანიშვნაზე გავლენას არ მოახდენს. აღნიშნული კანონი 2021 წლის 2 მარტს ამოქმედდა. ეს ეხება როგორც სპორადულ, ისე სისტემური წესით რეგისტრაციას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სისტემური რეგისტრაციის დროს, თავად საჯარო რეესტრი ახორციელებს რეგისტრაციის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს, ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიცირებას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშოებს. სისტემური რეგისტრაციისას აღნიშნული სერვისები მოქალაქეებისათვის არის უფასო.
სპორადული რეგისტრაციის დროსაც მოქალაქეს მიწას უფასოდ დაურეგისტრირებენ, თუმცა მან საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს სარეგისტრაციო დოკუმენტების შეგროვება, მაგალითად, მიწის საკუთრების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტის მოძიება ან საკადასტრო ნახაზების შედგენა.
მსგავსი გადაწყვეტილება გასულ წელსაც მიიღეს, შედეგად 2020 წელს დარეგისტრირებული ნაკვეთები მოქალაქეების სოციალურ ქულებზე არ ასახულა.
ხშირ შემთხვევაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სოციალური დახმარების შეწყვეტის საფრთხის გამო, უარს ამბობდნენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის დარეგისტრირებაზე.
მიწის ნაკვეთით გამარტივებული წესით რეგისტრაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. შედეგად საჯარო რეესტრის სტატისტიკის მიხედვით, მოქალაქეთა მიმართვიანობა 3–ჯერ გაიზარდა.