რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საქართველოს 2020-2025 წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში მოისმინეს.
საკითხი წარმოადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონული განვითარება და მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია.
„ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2014 წელს და, ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ჩარჩო ჩვენი განვითარების, მიზნებისა და მიმართულებების უკვე მიღებულია და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გადავწყვიტოთ ის ამოცანები, რომლებიც უკავშირდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების ზრდას, ფინანსურ გაძლიერებას, ადგილობრივი ეკონომიკის წახალისებაში მუნიციპალიტეტების როლის ზრდას, ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის უფრო მეტად ამაღლებას და სხვას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, 2018 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა ერთდროულად გააკეთეს განაცხადი და განსაზღვრეს ის სამი ძირითადი მიმართულება, რომლებზე უნდა აიგოს ზოგადად დეცენტრალიზაციის განხორციელებისთვის საჭირო ქმედებები.
ესენია:
- თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდა საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაწყვეტაში;
- ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსით;
- სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში სახელმწიფო სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან ერთად, მიწვეული იყო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, გარდა ამისა, შექმნილი იყო სამი სამუშაო ჯგუფი ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით.
„სტრატეგიის აღსრულების შედეგი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ 2025 წლისათვის, არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი მშპ-ში უნდა იყოს არანაკლებ 7% და ქონება, რომელიც არ იქნება დარეგისტრირებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ავტომატურად უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში. ეს არის ქვაკუთხედი, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ადგილზე დოვლათის შექმნისათვის და მეორეც, რომ მან იფიქროს სისტემის გაძლიერებაზე“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დეცენტრალიზაციის 2020-2025 სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს 3 მიზანს, 8 ამოცანას, 26 აქტივობას და 46 შესრულების ინდიკატორს. მისივე თქმით, 2020 წელს განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია, რომ მიღებულია 171 საკანონმდებლო ცვლილება კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის, 21 მუნიციპალიტეტში დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ელექტრონული სისტემა, გადამზადდა 3000-ზე მეტი ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, მომზადებულია სამი საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი და სხვა.
თანამომხსენებელმა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის და ძირითადი აქტივობების შესახებ, დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ იმ ქმედებებზე, რომლებიც დღემდე განხორციელდა მუნიციპალიტეტებში.
შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დასასრულ, კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და რეკომენდაცია მისცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ უახლოეს პერიოდში კომიტეტს წერილობით წარუდგინოს დეტალური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ თავისი კვლევებით, რომლებიც სოზარ სუბარის განცხადებით, კომიტეტს დაეხმარება არა მხოლოდ შეაფასოს არსებული ვითარება, არამედ დაანახოს შემდგომი განვითარების გზებიც.
კომიტეტმა დღესვე, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა კანონპროექტი „მეწარმეთა შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები მიხეილ სარჯველაძე, ანა ბუჩუკური, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, დავით სონღულაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი.
კანონპროექტის ზოგადი პრინციპები კოლეგებს მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონი მიღებულ იქნა 1994 წელს და მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა რედაქციამ არაერთი ცვლილება განიცადა, ეს კანონი სრულყოფილად მაინც ვერ ასრულებს დასახულ მიზნებს, ვინაიდან მთელი რიგი საკითხები მოუწესრიგებელი რჩება.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კანონში 2008 წელს მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა, მაინც მრავალი საკითხი დარჩა მოწესრიგების მიღმა, ყოველივე ამან დღის წესრიგში დააყენა ამ სფეროში კომპლექსური საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა და სამეწარმეო ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება.
სწორედ ამ მიზნით მომზადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი (შედგება 256 მუხლისა და XVI თავისგან), რომელიც მომხსენებლის თქმით, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერებას, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, შიდა კორპორატიული ურთიერთობების უფრო დეტალურ მოწესრიგებას და სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად ამ სფეროში გამჭვირვალობის ზრდას ემსახურება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხების რეგულირებასა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს და ცვლილებებს.
კანონპროექტის „მეწარმეთა შესახებ“ შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანა, რათა რეგულაციის მიღმა არ დარჩეს იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესი, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები.
კანონიდან გამომდინარე შესწორება შედის 23 საქართველოს კანონში და 2 ორგანულ კანონში. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება, მისი მოცულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე მეწარმეთა სათანადო მომზადებას, ამ მიზნის გათვალისწინებით, კანონპროექტის ამოქმედება 2021 წლის 1 ნოემბრიდან იგეგმება, აღნიშნა მომხსენებელმა.
მან ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა მრავალრიცხოვან კითხვას, რის შემდეგაც კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზაზა მეიშვილის, მარინა მესხის, ალიკა კუპრავას, გიორგი მუმლაძის და გიორგი ჩიფჩიურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადებას უარი ეთქვა მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის მოტივით.