ბერბუკის დევნილთა დასახლებაში გორის მერიას ავტობუსების მარშრუტში ცვლილებას სთხოვენ

592

ბერბუკის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ავტობუსების მარშრუტში ცვლილების შეტანას სთხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

მათი განმარტებით, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი მათ დასახლებამდე არ მიდის და გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ.

მათი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, რომლებსაც სოფლის სკოლაში გაკვეთილები შუადღემდე უმთავრდებათ.

“ლურჯი ავტობუსები ბერბუკის მაღაზიამდე ამოდის, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გაკვეთილები ადრე უმთავრდებათ და სკოლის ტრანსპორტს რამდენიმე საათი ვერ ელოდებიან, ფეხით მოდიან დევნილთა დასახლებამდე.  სკოლა ბერბუკშია. ჩვენ დასახლებამდე ტრიალდება ავტობუსი და სულ რამდენიმე მეტრიც რომ გაიაროს და ამ ბავშვებს მგზავრობის პრობლემა არ შეექმნათ, განსაკუთრებით უამინდობისას კარგი იქნება. იქნებ მერიამ გულთან მიიტანოს ჩვენი მდგომარეობა”,- ამბობს დევნილთა დასახლებაში მცხოვრები თამარ ყაულაშვილი.

დევნილთა დასახლებას მერიიდან ურჩევენ, რომ აღნიშნული საკითხით წერილობით მიმართონ და ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში მათი თხოვნაც შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული.