ხაშურის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ბიუჯეტიდან 108 800 ლარი დაუსაბუთებლად დაიხარჯა, –
აუდიტის ანგრიშის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები) 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 108.8 ათასი ლარი. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად − 397 ლარის ოდენობით.
” „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. შესაბამისად, საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად.
ხარვეზი საკრებულოს წევრებზე კანონმდებლობის დარღვევით ანაზღაურებული ხარჯების შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად ამისა, არსებული ხარვეზი კვლავ მოუგვარებელია”, – ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, ხაშურის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 108.8 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.