აუდიტი: ყვარლის მუნიციპალიტეტს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა არ გააჩნია

588

ყვარლის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის სრული აღრიცხვა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში, დასუფთავების მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხამ შეადგინა: 2018 წელს − 4.6 ათასი ლარი, 2019 წელს − 5.6 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საკრებულოს დადგენილების მიხედვით, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები არიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური და იურიდიული პირები.

“მიუხედავად ამისა, მიღებული თანხები გადახდილია მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ. ყვარლის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის სრული აღრიცხვა. აბონენტთა რაოდენობა და მისაღები შემოსავლები განისაზღვრება ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილების მიერ აღრიცხული იურიდიული პირების მიხედვით.

შედეგად, მუნიციპალიტეტში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანაგრიშის მიხედვით, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ბიუჯეტით პროგნოზირებული დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრულია წინა წლებში მიღებული თანხის გათვალისწინებით. არსებული პრაქტიკა შესაძლებელია იწვევდეს ცდომილებას პროგნოზირებულ და პოტენციურ შემოსავლებს შორის.

აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის სრული აღრიცხვა. შედეგად, მუნიციპალიტეტი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღებ შემოსავალზე