გორის მერი იმ კომპანიას ეძებს, რომლის მიერ აშენებული საბავშვო ბაღის კედელი გაიბზარა

396

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საბავშვო ბაღის კედელი გაიბზარა. როგორც ადგილობრივები რადიო “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნავენ, აღსაზრდელთა რაოდენობიდან გამომდინარე მათი გადანაწილების მიზნით, სოფლის პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღის შენობას ფართი მიუმატეს, რომელიც მალევე დაზიანდა.

ეს საკითხი გორის მერთან შეხვედრისას, ადგილობრივმა ნათია მჭედლიძემ გააჟღერა.

“ნიქოზის საბავშვო ბაღს, აღსაზრდელთა რაოდენობის გამო, სოფლის პროგრამის ფარგლებში ფართი მიამატეს, რომლის კედელიც მალევე გაიბზარა. საჭიროა დროული ყურადღება, რადგან საფრთხე ბავშვებს ემუქრება”,- ამბობს ნათია მჭედლიძე.

გორის მერისთვის პრობლემა ცნობილია. კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, ხარვეზი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაუშვა, რომლის გამოსწორებაც ასევე მისი ვალდებულებაა.

“ნიქოზის საბავშვო ბაღზე ერთი ოთახის მიშენება მოხდა. არაკეთილსინდისიერად მიუდგა ამ საკითხს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც ვთხოვთ, რომ ბოლომდე მიიყვანოს სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სათანადო რეაგირებას მივმართავთ”, – აცხადებს თავზარაშვილი.