აუდიტი: ქარელის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 178 600 ლარი დაუსაბუთებლად გასცა

622

ქარელის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 178 600 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები) 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 178.6 ათასი ლარი.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 490 ლარის ოდენობით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

“მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. შესაბამისად, საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხარვეზი საკრებულოს წევრებზე კანონმდებლობის დარღვევით ანაზღაურებული ხარჯების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია ქარელის მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად ამისა, არსებული პრობლემა კვლავ მოუგვარებელია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 178.6 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.