ქვემო ხვედურეთში 8 მარტიდან ერთი კვირის მანძილზე მოსახლეობის ტრანსპორტირების ხარჯებს ერთ-ერთი ბიზნესმენი დააფინანსებს

793

8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით “ქვემო ხვედურეთი – ქარელის” მიკროავტობუსი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ქალთა სადღესასწაულო დღეებში, თანასოფლელთა მგზავრობის ხარჯებს ბიზნესმენები ივერი ბერუაშვილი გაიღებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

გამოცემა დაუკავშირდა ივერი ბერუაშვილს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით სოფელ ქვემო ხვედურეთიდანაა.

“მე ბათუმში ვცხოვრობ, მცირე მეწარმეობას ვეწევი, წარმოშობით ვარ ქვემო ხვედურეთიდან. მინდა, რომ ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე. ვნახე მიკროავტობუსის მძღოლი, ვესაუბრე იმ კომპანიის ხელმძღვანელსაც, ვისაც ეკუთვნის ჩემი სოფლის ხაზი. გადავწყვიტე, რომ 8 მარტიდან ერთი კვირის მანძილზე ჩემი სოფლის მოსახლეობას ხელი შევუწყო ტრანსპორტირებაში”, – თქვა ივერი ბერუაშვილმა.

როგორც გამოცემა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” გაარკვია, ივერი ბერუაშვილი საქველმოქმედო აქციებს ხშირად ატარებს. ახალი წლის დღეებში, მან თანასოფლელებისთვის პური უფასოდ გასცა.