თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს ინიციატივას, რომლის თანახმადაც შშმ პირებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლება უნდა მიენიჭოს, – ნათქვამია საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
„14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. დღესაც გამოწვევად რჩება: სოციალური იზოლაციის დაძლევა; საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების რღვევა; შშმ პირთა რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა; შშმ პირთა ჯანდაცვა, განათლება და დასაქმება; ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სხვა.
ერთად მოვითხოვოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს შშმ პირებისათვის ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნა, შესაბამისად, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ საქმიანობის ფარგლებში აქტიურად განვიხილავთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ადვოკატირებას ვუწევთ მათ ინტერესებს. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს შშმ ჯგუფის წარმომადგენლებთან, შშმ ბავშვების მშობლებთან და აქტივისტებთან.
თბილისის საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში წარვადგინეთ ინიციატივა შშმ პირებისათვის უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლების მინიჭებისათვის. ასევე, მივმართეთ არაერთ საქალაქო სამსახურს და გამგეობას შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურის დაზიანებების, გაუმართაობებისა და გასათვალისწინებელი ცვლილებების შესახებ.
საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს ვუცხადებთ სრულ მზადყოფნას მომავალი შეხვედრებისა და თანამშრომლობისათვის“, – აღნიშნულია ფრაქციის განცხადებაში.