„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ბოლო წლებში, არჩევნებზე „ლეიბორისტები“ მუდმივად იმიტომ მარცხდებიან, რომ არჩევნები ყალბდება.
როგორც „აიპრესთან“ ინტერვიუში გუგავამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში შესვლა იმიტომ მოახერხა, რომ პარტიას ჰქონდა მილიონები და ამასთანავე ბიძინა ივანიშვილის სატელიტურ პარტიას წარმოადგენდნენ.
„ეს დაკავშირებულია იმ გლობალურ პრობლემასთან, რასაც ოლიგარქია, არჩევანის გაყიდვა და ხმების გაყალბება ჰქვია. ევროპის სივრცეში ერთადერთი პარტია ვართ „ლეიბორისტები“, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ არჩევნების გაყალბების მსხვერპლად ცნო. ეს 2008 წელს იყო, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანაში ეს მავნე ტრადიცია არ დარღვეულა. დღემდე ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვა და არჩევნების ტოტალური გაყიდვა გრძელდება.
მე წარდგენისას ვთქვი, რომ ეს არჩევნები არა მხოლოდ მერის პოსტისათვის ბრძოლა იქნება, არამედ ღირსების ბრძოლა. უნდა დავამტკიცოთ რომ არ იყიდება ჩვენი თავისუფლება“, – განაცხადა გუგავამ.
კითხვაზე, თუ არჩევნები ყალბდება „პატრიოტთა ალიანსმა“ როგორ მოახერხა საარჩევნო ბარიერის გადალახვა და პარლამენტში შესვლა? – გუგავა ასე პასუხობს:
„განა ამაზე კითხვა შეიძლება დაისვას და ეს ღიად არ ჩანს?! რა თქმა უნდა მათ მილიონები ჰქონდათ და რა თქმა უნდა ივანიშვილის სატელიტს წარმოადგენდნენ“, – განაცხადა გიორგი გუგავა.
წყარო: აიპრესი