ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება

315

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართება. ადგილზე იმყოფებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები.

შეხვედრის დაწყებამდე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დასვამენ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის გათავისუფლების საკითხს.

შეხვედრაზე მთავარი საკითხი ზაზა გახელაძისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ამ დროისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება.

ამასთან, საუბარი იქნება ჰუმანიტარულ თემებზე, რომელიც, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მწვავე პრობლემაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოცემულ პერიოდში უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იქნება პრიორიტეტული საკითხი. ეს საკითხი არის გაჟღერებული მაღალ რეგისტრში საერთაშორისო ფორუმებზე. გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.