მთაწმინდის რაიონში, ვ. პეტრიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 4 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს არსებული საფარის დემონტაჟი. სამუშაოები კი, მარტის შუა რიცხვებში დასრულდება.
„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რომელიც მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ.
საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.