„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის ამომრჩეველს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაშენებულ დაზღვევას შესთავაზებს. თენგიზ შერგელაშვილი 400 ათასი თბილისელისთვის, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები შეეხო და დაფინანსება შეუმცირდა, დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 400 ათასზე მეტ თბილისელს დაფინანსება შეუმცირდა, რამაც მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა დაამძიმა. მოსახლეობა დაუფინანსებელი ნაწილის თანადაფინანსებას ან საკუთარი ჯიბიდან ახდენს, ან მიმართავს რაიონულ გამგეობას. გამგეობებში მსგავსი ტიპის თანხების გამოყოფას კომისია ახდენს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტურად იღებს დაფინანსება-არდაფინანსების გადაწყვეტილებას. არ არსებობს არანაირი კრიტერიუმი თუ რა შემთვევაში უნდა გამოიყოს დაფინანსება, რა ოდენობით და ა.შ. მსგავსი საკითხის მოუწესრიგებლობა ხელს უწყობს ბიუჯეტის უსისტემო ხარჯვას და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ამომრჩევლის მოსყიდვისთვის“ -აცხადებს „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა.
თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით დაზღვევის სისტემა, რომელიც მისი მერობის შემთხვევაში ამოქმედდება მოსახლეობას შეუვსებს საყოველთაო ჯანდაცვის კომპონენტს და ხელს შეუწყობს სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას.
„ჩვენი პროგრამა გულისხმობს სადაზღვევო კომპონენტის შემოტანას, რომელიც შეეხება ოთხი კატეგორიის მოსახლეობას: სოციალურად დაუცველი ოჯახებს, 6-17 წლის მოზარდებს, წლიური 40 000 ლარამდე და თვეში 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირებს და თვეში 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს.
ჩვენი კორპორატიული დაზღვევა 100%-ით შეავსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაუფინანსებელ ნაწილს სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და 6-17 წლის მოზარდებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ ორ კატეგორიას, მათ სადაზღვევო პრემიის ნაწილში თანადაფინანსება ექნებათ“ – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.