გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს მარტოხელა დედების დასახმარებლად ბიუჯეტში 80 000 ლარამდე თანხა გაითვალისწინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული სოციალური პროგრამა 7 წელია მოქმედებს და ბენეფიციარების დახმარების მისაღებად მერიას თითქმის ყოველდღიურად აკითხავენ.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებმა სოციალურ სამსახურს შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართონ და მოითხოვონ ერთჯერადი დახმარება, რაც მათ სარეიტინგო ქულის მიხედვით განისაზღვრება.
“პირველად საქართველოს მასშტაბით ეს პროგრამა გორში ამოქმედდა. თავდაპირველად თითქოს ერიდებოდათ ხოლმე მოსვლა მარტოხელა მშობლებს და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მომართვიანობა. გვაქვს ერთჯერადი დახმარებები სხვადასხვა გადასახადებზე, ოღონდ ხელზე ანგარიშზე ვურიცხავთ. თანხის ოდენობა დამოკიდებულია სოციალურ ქულათა რაოდენობაზე და ის 200, 300 და 500 ლარიან დახმარებას გულისხმობს”, – ამბობს სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, 2014 წლის დეკემბერს დამატებული მუხლის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს ქალს ან კაცს, -რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი მონაცემები ბავშვის მამის/დედის შესახებ. რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.