ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიონის სანაპიროზე, 2148 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო შენდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
პროექტი, რომელიც ორი – 7 და 8 სართულიანი შენობისგან შედგება, ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახს ეკუთვნის. კოპალეიშვილებმა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე მიწის ნაკვეთი 2016 წელს, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში შეიძინეს. 2020 წელს კი, ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის პროექტი წარუდგინეს, სადაც შენობების სიმაღლე 13 სართული უნდა ყოფილიყო, თუმცა, თვითმმართველობამ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად, პროექტი ორჯერ დაიწუნა და მეპატრონეს სართულების შემცირება მოსთხოვა.
ბოლო ვერსიით, სასტუმროს ერთი შენობა 7, ხოლო მეორე 8 სართული იქნება, თუმცა, კოპალეიშვილების ოჯახს პროექტის გადაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევს, რის შემდეგაც, შესაძლოა, სართულების რაოდენობა კიდევ შემცირდეს.
ამირან კოპალეიშვილი, “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ადასტურებს, რომ რიონის სანაპიროზე 2148 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. დეპუტატი არც სასტუმროს მშენებლობას უარყოფს და ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებული შენობების სიმაღლე ქალაქის იერსახეს არ დაამახინჯებს, რადგან მსგავსი შენობები ცენტრალურ ნაწილში სხვაც ბევრია.
“თუ ლამაზი შენობა ჩაიდგმება, ქალაქსაც გამოადგება როგორც ტურისტული ზონა. იქვე არის “ბესთ ვესტერნის” და “მ2″-ს მაღალი შენობები და ჩვენი ოჯახის ინტერესშიც არის, რომ ეფექტური და მიმზიდველი იყოს ჩვენი შენობა. როცა ირგვლივ კონკურენციაა, თუ მიმზიდველი არ ხარ, სტუმარიც არ გეყოლება. ცოტა ხანში ვიქნებით მზად, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში წარვადგინოთ კორექტირებული პროექტი, სადაც შესაძლოა სართულების რაოდენობა შემცირდეს და არქიტექტურაც სხვანაირი იქნება. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, ეს ტერიტორია 2016 წელს აუქციონზე გამოვიდა იმ პირობით, რომ იქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო. ჩემმა ოჯახმა დაინახა ტურიზმის განვითარების პერსპექტივა და გადაწყვიტა მისი შეძენა”, – ამბობს ამირან კოპალეიშვილი.
დეპუტატი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 2148 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენასა და იქ სასტუმროს მშენებლობაში მმართველ გუნდთან კავშირის გავლენას ვერ ხედავს. იგი ამბობს, რომ მაშინ, როცა მისმა ოჯახმა მიწის ნაკვეთი იყიდა, ის საკრებულოს დეპუტატი არ იყო, თუმცა, ამირან კოპალეიშვილი 2012 წლიდან “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. უფრო მეტიც, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ კორპუსში დღემდე ფუნქციონირებს მმართველი პარტიის ოფისი.
ამირან კოპალეიშვილი ქუთაისის საკრებულოში 2017 წელს აირჩიეს. იგი უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატია. მისი სახელი დაკავშირებულია ბიზნესსაქმიანობასთან. სწორედ მისი ოჯახის კომპანიამ “გიან 2011”-მა მოიგო ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობის ტენდერი, რომელზეც მას შემდეგ თქვა უარი, რაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.