გორის “ახალბაღში” დენდროლოგიური პარკი მოეწყობა. ასევე, გარკვეულ მონაკვეთზე საბავშვო ექსტრემალური სპორტისთვის ტალღოვანი ზედაპირი გაკეთდება.
ამის თაობაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტი შეცვალა, რისთვის “ახალბაღის” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის ფასი 7 მლნ-დან 9 მლნ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა წინადებების შეთავაზება 12 მარტიდან უნდა დაიწყონ, ხოლო წინადადებების მიღება დასრულდება 15 მარტს. კომპანიებს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.
ჩვენ მოვიპოვეთ საპროექტო დოკუმენტი. პროექტი უცხოელი არქიტეტორების მიერაა შედგენილი. თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყოფო.
იგეგმება 215 ერთეული ხისა და 286 ერთეული ბუჩქის გადარგვა. სანაცვლოდ, 70 ძველი ხის, 2 ერთეული ბუჩქის მოჭრა.
– არანაკლებ 115 სახეობისა და ჯიშის მცენარის დარგვა.
– 12530 კვ. მ. გაზონის გაშენება არანაკლებ 16 სახესხვაობის, 82 ერთეული დეკორატიული ხის დარგვა;
– არანაკლებ 45 სახესხვაობის. 3156 ერთეული დეკორატიული ბუჩქის დარგვა, მათ შორის — მეტრი ბორდიურის (ცოცხალი ღობის) გაშენება.
– არანაკლებ 31 სახესხვაობის, 4702 ერთეული დეკორატიული მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის დარგვა.
– არანაკლებ 10 სახესხვაობის, 103 ერთეული მხვიარა დეკორატიული მცენარის დარგვა.
– არანაკლებ 13 სახესხვაობის, 1750 ერთეული დეკორატიული ერთწლოვანი ბალახოვანი ყვავილდეკორატიული მცენარის დარგვა.
პარკის დანარჩენი, პერიფერიული ნაწილები განკუთვნილია
სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებსა და ინტერესებზე:
▪ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები
▪ საბავშვო ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ტალღოვანი ზედაპირი
▪ კაფე და ფანჩატურები
▪ სამაგიდო თამაშებისა და ჯგუფური შეხვედრების; საპიკნიკე სივრცეები და სხვ.
▪ რომანტიული ურთიერთობის სივრცეები (ლამაზი ხედებითა, კამერალური სივრცეებით)
▪ ველო და სარბენი ბილიკები
▪ სარიტუალო საზეიმო სივრცე
▪ ცოცხალი ზოოლოგიური კოლექციის სივრცე ვოლიერებითა და გარეული ცხოველებით (მინი ზოოპარკი).
პროექტის ანოტაციაში ვკითხულობთ:
პარკის ცენტრალური და ფორმალური სტილის ნაწილი -პარტერი, წარმოადგენს ყველაზე საჯარო სივრცეს, – ურთიერთობებისა და მასიური თავშეყრის ადგილს, ამდენად მისთვის მნიშვნელოვანია გახსნილი სასეირნო სივრცე და ვიზუალური და ვერბალური კონტაქტის შესაძლებლობა; ესთეტიურად და ეკოლოგიურად კომფორტული პირობები (ლამაზი და ფერების, ფორმების , სილუეტების თუ სურნელების სიუხვე, აქცენტირებული ობიექტების არსებობა, კომფორტული ტენიანობის უზრუნველყოფა მშრალ კლიმატში, რასაც შადრევანი და წყლის სარკე განაპირობებს და სხვ.
ამ მოსაზრების თანახმად ეს ცენტრალური ნაწილები (ორი დიდი თარგი შადრევანი და მიმდებარე არეები) გაფორმდა ყვავილნარებითა და გართხმული ბუჩქნარებით. აქ მნიშვნელოვანია მცირე ტბორი წყლის მცენარეებითა და ისტორიული და მაღალი მხატვრული ღირებულების ბრინჯაოს მონუმენტით; მძლავრი შადრევანი, ღია სცენა და სტალინის ბიუსტიანი კომპოზიცია საბჭოთა სტილის დიზაინით, რასაც მხოლოდ ისტორიული დატვირთვა აქვს და არავითარ შემთხვევაში იდეოლოგიური, ან სხვა”, – აღნიშნულია პროექტის ანოტაციაში.