გურჯაანის მუნიციპალიტეტმა რეგიონის განვითარებისთვის გრანტის სახით 62 500 ლარი გასცა, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას რაში დაიხარჯა გაცემული დაფინანსება, – , – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ა(ა)იპ − კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გრანტის სახით გადაურიცხა 62.5 ათასი ლარი. გრანტის გაცემის მიზანი იყო კახეთის რეგიონის განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა პროექტის რეალიზება.
ხელშეკრულების თანახმად, ა(ა)იპ ვალდებული იყო წლის დამთავრებისას მუნიციპალიტეტისათვის წარედგინა ინფორმაცია მიღებული დაფინანსებით გაწეული საქმიანობის შესახებ.
შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში ა(ა)იპ − კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, ა(ა)იპ-ი კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია და მუნიციპალიტეტებს მისი კონტროლი ევალებათ.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ისათვის დამტკიცებული წესდებით და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებული იყო, მოეთხოვა დეტალური ინფორმაცია გაცემული გრანტის ხარჯვის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციები ა(ა)იპ-ს მუნიციპალიტეტისათვის არ მიუწოდებია”, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით გასცა 62.5 ათასი ლარი, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას რაში დაიხარჯა გაცემული დაფინანსება და რეალურად მოხმარდა თუ არა რეგიონის განვითარებისათვის საჭირო პროექტებს. აქედან გამომდინარე,აუდიტის დასკვნით, გაწეული ხარჯის მიზანშეწონილობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული.