გურჯაანის მერია ვერ უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირებას და მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს კარგავს, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები არიან როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირები, ხოლო მოსაკრებლის განაკვეთი განსაზღვრულია:
- ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი − თვეში, მაგრამ ოთხ და მეტსულიან
ოჯახებზე, არა უმეტეს 2 ლარისა; - იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მათ
მიერ გამოყენებული ფართის, მომსახურების ერთეულის და ნარჩენების
დაგროვების ნორმის გათვალისწინებით.
2018-2019 წლებში ბიუჯეტში მობილიზებულმა დასუფთავების მოსაკრებელმა
22.6 ათასი ლარი შეადგინა. იმავე პერიოდისთვის დამტკიცებული ბიუჯეტებით კი
აღნიშნული მოსაკრებლიდან 78.0 ათასი ლარის შემოსავლის მიღება იყო დაგეგმილი. თუმცა, აუდიტის ინფორმაციით, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტს მომზადებული არ აქვს სრული ბაზა მოსაკრებლის გადამხდელთა შესახებ, დასუთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება ფიზიკური პირებიდან არ ხორციელდებოდა, ხოლო იურიდიული პირები არასრულად იხდიდნენ დაწესებულ მოსაკრებელს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ვერ უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირებას. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს.
აუდიტის რეკომენდაციაა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზის შექმნა და დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იქნება დადგენილი ტარიფების შესაბამისი მოსაკრებლის ბიუჯეტში მობილიზება.