აუდიტი: ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტმა 291 300 ლარი არაეფექტიანად დახარჯა 

266

ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტმა 291 300 ლარი არაეფექტიანად დახარჯა, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“2018-2019 წლებში შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენებისა და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფუნქციონირების მიმართულებით, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში აღინიშნება ხარვეზები, კერძოდ:

  • 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 256.1 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საუბნო გზების, საბავშვო ბაღების, სპორტდარბაზების, წყლის სისტემების და სხვა პროექტების
    განსახორციელებლად. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროექტების მშენებლობაზე ტენდერები 2019-2020 წლებში არ დაგეგმილა და შესაბამისად, არ განხორციელებულა;
  • 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზოგიერთ სოფელში მოეწყო წყლის სისტემა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობა, საერთო ღირებულებით − 35.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ჩაიბარა 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის მიღება- ჩაბარებიდან გასულია 11 თვეზე მეტი, წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ობიექტები დაუსრულებელია და არ ფუნქციონირებს.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ზოგიერთი პროექტი საჭიროებს დამატებითი სამუშაოების ჩატარებას, რისთვისაც, ისევე, როგორც ზოგიერთი ახალი პროექტის განსახორციელებლად, არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ეტაპზე უნდა განესაზღვრა პროექტის რეალური საჭიროება, სავარაუდო ღირებულება, დაფინანსების წყარო და მხოლოდ ამის შემდეგ განეხორციელებინა საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები. ამასთანავე, როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ,  წარმოდგენილი არგუმენტი შეუსაბამოა, რადგან მუნიციპალიტეტს საანგარიშო პერიოდში გააჩნდა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი, მათ შორის, დეპოზიტზე არსებული თანხები, რომლის გამოყენებაც შეეძლო აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოსაწყობად, რაც არ განუხორციელებია.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტმა საპროექტო დოკუმენტაციის, წყლის სისტემისა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესყიდვაში, არაეფექტიანად დახარჯა 291.3 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს.

აუდიტის რეკომენდაციაა მუნიციპალიტეტმა დანერგოს საპრევენციო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვისას არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსების შესწავლას და აქედან გამომდინარე, პროექტის განხორციელების შესაძლებლობასა და დასახული მიზნის მიღწევას. მუნიციპალიტეტმა ასევე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ პროექტების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება.