ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ და ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს, მოხდეს ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
აკაკი საღინაძის თქმით, ვასილ კიკვიძის ძეგლი დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.
სამოქალაქო აქტივისტთან ერთად მიმართვას ხელს აწერენ :”საერთაშორისო გამჭვირვალობა “საქართველო” , რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის”, ”უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი”.
“სამოქალაქო საზოგადოება მრავალი ათეული წელია, რაც წინააღმდეგობას უწევს მემარცხენე ესერისა და რუსეთის სამოქალაქო ომის გმირის ვასილ კიკვიძის ძეგლის არსებობას ქუთაისში. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად მიზანშეუწონელია კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენელთა ძეგლების განთავსება ისეთ სახელმწიფოში, რომლის ორიენტაცია მიმართულია ევრო-ატლანტიკური გაერთიანებისკენ და თავისუფალი,
თანასწორი და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ აღნიშნული ძეგლის ქვეყნის ტერიტორიაზე საჯარო სივრცეში არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საკულტო ნაგებობების,ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩებისა და მოედნების არსებობა”, – ამბობს საღინაძე.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს წლებია ითხოვენ. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც წლების წინ აღნიშნული მოთხოვნა გააჟღერა არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” იყო.
2015 წელს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ორგანიზაციის მოთხოვნას ასე უპასუხა: “ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს”.
ძეგლის დემონტაჟისთვის, ,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა მზაობა გამოთქვა, თუ ბიუჯეტს საკმარისი თანხა არ ექნებოდა მის ასაღებად, თავად გაიღებდა 1000 ლარს.
კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც არაერთხელ მიმართეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდანაც მომზადდა რეკომენდიაციათა პაკეტი, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი კიკვიძის ძეგლის აღებას ეხება.
ქუთაისის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის კომისიამ საკითხს მხარი დაუჭირა, რომელიც რეკომენდაციის სახით გაიგზავნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ქუთაისის მერიამ ონლაინ გამოკითხვაც ჩაატარა – ვასილ კიკვიძის ძეგლი უნდა ჩანაცვლდეს თუ არა ზვიად გამსახურდიას ან მერაბ კოსტავას ძეგლით. თუმცა, შედეგი არაფერი მოჰყოლია.
საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, კიკვიძის ძეგლი ისევ იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს ქუთაისში, მისივე სახელობის სკვერში.
ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.
წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში გასული საუკუნის 60-იანი წლებში განთავსდა , რომელიც მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა.