რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობის გეოგრაფიული ობიექტები გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს ცნობით, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და პარლამენტის წევრის კონსტანტინე ანდრონიკაშვილის სახელობის ქუჩა გახსნა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული თეოფილე ჩოჩუას სახელს ატარებდა. ქუჩის გახსნას საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, ისნის რაიონის მაჟორიტარი ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
როგორც მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავზე, საბჭოთა რევოლუციონერების და ბოლშევიკების სახელობის ქუჩები იცვლება პირველი რესპუბლიკის მოღვაწეების და იმ გმირების სახელებით, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას თავი შესწირა.
„დღევანდელი დღე ყველაზე ტრაგიკულია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ზუსტად ასი წლის წინ, 25 თებერვალს, თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას გმირმა იუნკერებმა და რიგითმა ქართველებმა სიცოცხლე შესწირეს.
ოკუპაციიდან 100 წლისთავზე, ბოლშევიკების სახელობის ქუჩებს პირველი რესპუბლიკის მოღვაწეების და სამშობლოსთვის თავგანწირული გმირების სახელებით ვანაცვლებთ.
ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავიხსენოთ და უკვდავყოთ გმირების სახელები, რომელთა დაწყებული ბრძოლაც დღემდე მიმდინარეობს, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე“, – განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
დღესვე, ნაძალადევის რაიონში იუნკერ პლატონ დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა, რომელიც სახელწოდების შეცვლამდე საბჭოთა რევოლუციონერ ექვთიმე სართანიას სახელს ატარებდა. ღონისძიებას ნაძალადევის მაჟორიტარი წევრი დავით ჭელიძე დაესწრო. საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დავით კაჭარავას სახელობის ქუჩას კი იუნკერ ალექსანდრე ახვლედიანის სახელი ეწოდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ავჭალის რკინიგზის სადგურს ქართველი სამხედრო მოღვაწის, 1918-1921 წწ. საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაურის ვლადიმერ გოგუაძის სახელი მიენიჭა. ვლადიმერ გოგუაძის ხელმძღვანელობით ქართველებმა ერთი საუკუნის წინ საოკუპაციო არმია ავჭალიდან უკან განდევნეს და ხსენებული რკინიგზის სადგური დაიკავეს.