„ოცნების ქალაქის“ კომისიაში UNICEF-ი და წითელი ჯვარი მონაწილეობენ

382

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომისია „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, კომისიის წევრებთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიას თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.

„ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაცია Unicef-ისა და წითელიჯვარის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ე.წ „ოცნების ქალაქის“ პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის დროსაც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

კომპლექსის სამშენებლო ფართი – 54 000 კვ. მეტრს შეადგენს.

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების (582 ბინა) გაზმომარაგების, შიდაწყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 11 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 9 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 592 098 ლარს შეადგენს.

ე. წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.

„ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გადაიჭრა წლების განმავლობაში აჭარაში არსებული ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა“, – ნათქვამია განცხადებაში.