ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა

507

ქუთაისში, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა.

ქუთაისის მერის ინფორმაციით, ქუჩის მანიშნებელი აბრა ერთ-ერთ სახლზე, შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ განათავსა.

„შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ -არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს – 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა, რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის ქუჩა!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ცნობით, მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა, საკრებულოს შესაბამის კომისიებში უკვე დაწყებულია და ოფიციალური გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში იქნება მიღებული.