საპროტესტო კარავი, რომელიც თითქმის ერთი თვეა ქუთაისში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დგას, დედაქალაქში, პარლამენტთან გადააქვთ. ამ გადაწყვეტილებით აქტივისტები, რომელთა უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, თბილისში მიმდინარე პროტესტს შეუერთდება. ისინი თბილისში ხვალ, 26 თებერვალს გაემგზავრებიან და მსვლელობას შეუერთდებიან. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
აქტივისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ისევ არსებობს ბოლშევიზმის დაბრუნების საფრთხე, რასაც ისინი არ დაუშვებენ.
“დღეს 25 თებერვალია. ზუსტად 100 წლის წინ მოხდა საქართველოს ოკუპაცია და დღეს საბჭოთა სურნელი ისევ ტრიალებს საქართველოს თავზე, მაგრამ ამჯერად დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლება ბოლშევიზმზე აუცილებლად გაიმარჯვებს. ხვალიდან, ჩვენს აქტივისტებთან ერთად შევუერთდებით საპროტესტო მსვლელობას და გადავინაცვლებთ თბილისში. მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს, იმისთვის, რომ ბოლშევიზმი არასდროს დაბრუნდეს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო კარავი 27 იანვარს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გაშალეს.