თბილისის მერიის მიერ, საქართველოს პარლამენტში „სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ წარდგენილი საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს ეხება.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონში 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე, თუმცა წარდგენილ კანონპროექტით აღნიშნული იკრძალება.
„კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ამ ცვლილების საფუძველზე სამშენებლო კომპანიებს სურვილი გაუჩნდებათ, რომ შენობა ექსპლუატაციაში სწრაფად შევიდეს.
„დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და ტოვებს ობიექტს. მე დიდი იმედი მაქვს პარლამენტის მხარდაჭერის. ჩვენ მზად ვართ, საზოგადოებას კანონპროექტზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, განვიხილოთ, თუ ამის საჭიროება დგას. მე ღრმად მწამს, ეს ინიციატივა მოგვცემს შედეგს, რომელიც ასე სჭირდება თბილისს“,- განაცხადა კალაძემ.