კალაძე: მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე, კედლის დიდი ფერადი პანოს აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

307

მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე, კედლის დიდი ფერადი პანოს აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პანოს აღსადგენად მერიას ვერის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. კალაძემ სხდომაზე ფოტოებიც წარმოადგინა, თუ როგორ მდგომარეობაშია აღნიშნული კედლის პანო.

„მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე დიდი ფერადი პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, 70-იანი წლებიდან ამშვენებდა ქალაქს. თითქმის ნახევარი საუკუნის ეს ნამუშევარი დროთა განმავლობაში დაზიანდა, ჩამოვარდნილია როგორც მოსაპირკეთებელი ფილები, ასევე ასოები. განსაკუთრებული გულისტკივილით მოგვმართა ვერის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც და გამოთქვეს შეძლებისდაგვარად ჩართულობის მზაობა პანოს რეაბილიტაციის პროცესში, რადგან გარდა კულტურული ღირებულებისა, ილია ჭავჭავაძის ამ ლექსით გადმოცემული იდეა ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია. მოსახლეობის ინტერესისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ შეფასდა პანოს ახლანდელი მდგომარეობა და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები პანოს აღსადგენად. მივესალმებით ამ კარგ, მისაბაძ სამოქალაქო ინიციატივას და გვჯერა, რომ საზოგადოების ერთიანი ძალისხმევა ჩვენი დედაქალაქისათვის საჭირბოროტო საკითხებზე, აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა კალაძემ.