ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია.
„ოპოზიციის ლოგიკა არის შემდეგი, სანამ „ქართული ოცნება“ არ წააგებს არჩევნებს, უფრო სწორად, სანამ ისინი ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ იციან, რომ არჩევნების გზით გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. არათუ ხელისუფლებაში დაბრუნება, ვფიქრობ, ძალიან მალე მათი ხელისუფლებაში დარჩენაც იქნება ძალიან რთული და შეუძლებელი გახდება. მინდა მივმართო იმ კონსტრუქციულ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციაში არიან, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში და ვიცით, რა მათი რეალური განწყობები, სხვა პარტიების წარმომადგენლების, მათ აქვთ დღესაც უნიკალური შანსი, რომ მიიღონ რეალური მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. რეალური დებატები გავმართოთ ეკონომიკურ გეგმებთან დაკავშირებით, რომელსაც მე წარმოვადგენ ამ 100 დღის განმავლობაში. ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს. ამაზე ვიკამათოთ, ამაზე ვიმსჯელოთ. ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები, ურთიერთშეურაცხყოფები არავის აინტერესებს. მაგრამ როდესც გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, არნახული, საშინელი აბსურდული ბრალდებებით, ცილისწამებებით, გიჩნდება სურვილი, რომ უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე ასეთი ბინძური ბრალდებები და ცილისწამებები. ეს არის კარგად გათვლილი მიზანი და იციან, რომ ეს მოსახლეობისთვის აუტანელია. ასე გაგრძელება შეუძლებელია!
მეორე მხრივ, უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. მოდით, ვთქვათ, ვერ ვინატრებდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათივე არჩევანით, მათივე სურვილით. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობრივ პოლიტიკას და შანტაჟს, ჩვენ ამას მივესალმებით და მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ცხარე დებატებისთვის, დიალოგისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჯდება თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნებისთვის მიღებულ პრაქტიკაში. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება! მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმით შეცვლა, სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ ჩემი ამოცანა იქნება რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი, რომ არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა! კანონი უნდა აღსრულდეს!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ოპოზიციისთვის დიალოგის შეთავაზება ძალაშია მხოლოდ ერთი დათქმით, რომ „ხელისუფლება არ დაელაპარაკება რადიკალურ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური დღის წესრიგი აქვთ“.
„ტყუილად ცდილობენ ჩვენი ოპონენტებად წოდებული რადიკალური დესტრუქციული ძალები ჩვეული საინფორმაციო, ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში პოლიტიკური სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩვენ გვაქვს კრიზისი. ეს კრიზისი ხელოვნურად შექმნილია. არავითარი კრიზისი ქვეყანაში არ გვაქვს! გარდა იმ კრიზისებისა, რომელიც მე ჩამოვთვალე – პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ. მინდა მოვიწონო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის გადაწყვეტილება, ჩვენი ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში, რაც ერთადერთი სწორი, გონივრული და სახელმწიფოებრივი პოზიციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზება, რა თქმა უნდა, არის ძალაში, მაგრამ ერთადერთი პირობით, იმ დათქმით, რომ ჩვენ არ დაველაპარაკებით რადიკალურ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური დღის წესრიგი აქვთ და რომლებიც ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. დანარჩენი არის შესაძლებელი. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ძალიან მოკლე ვადებში ვაჩვენებთ, რომ ქვეყნის გამოყვანა ამ მდგომარეობიდან ძალიან მოკლე ვადაში არის შესაძლებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.