“ვადამდელი არჩევნები დაიდოს” – აქცია მთავრობის დამტკიცების პარალელურად

270

“ვადამდელი არჩევნები დაიდოს” — მოძრაობამ საქართველოსთვის მშვიდობის ხიდთან ამ სახელწოდებით ბანერი გადმოფინა. სამოქალაქო აქტივისტები ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა რჩება.

“როგორც იცით, უკვე თითქმის 90 დღეა ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩანიშვნას, ამას ვითხოვთ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გაშლილი კარავითაც. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა, ამ მოთხოვნისთვის ვართ გაერთიანებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ხუსკივაძემ. 

რაც შეეხება აქციის კიდევ ერთ ორგანიზატორს, გიორგი მუმულაძეს, მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დამტკიცება აბსურდია და საბოლოოდ, მაინც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება “დროებით” გადადო.

იმავე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.