როდესაც ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმებსა და გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ახალ, უფრო აქტიურ და მეტად აგრესიულ პრივატიზაციის სტრატეგიაზე, რომელიც დიდად შეუწყობს ხელს სტრუქტურულ გაჯანსაღებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 20 თებერვალდ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობდა.
ნათია თურნავას განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს დაიწყო და პროგრამამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ თავისი შედეგი გამოიღო.
„კერძოდ, პანდემიის მიუხედავად და 2019 წელს დაწყებული ინერციით, პრივატიზაციის შედეგად 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით, რაც 2019 წლის მაჩვენებელს – 119 მილიონ ლარს აღემატება. თუმცა რომ არა პანდემია, რა თქმა უნდა, უფრო შთამბეჭდავი შედეგები გვექნებოდა. პრივატიზაციის თვალსაზრისით, მარტში ძალიან საინტერესო სიახლეები გვექნება როგორც თქვენთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის – ეს არის განახლებული 100 საპრივატიზებო ქონების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საპრივატიზაციოდ შეთავაზებული იქნება 150 საპრივატიზებო ქონება – თვისობრივად გაფართოებული, სადაც ბევრი საინტერესო ახალი ობიექტი შეგვხვდება, რომელმაც უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია და გამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესში განკერძოვდეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.