მენაბდე: საია სამუშაო ჯგუფს სთავაზობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს

413

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფს სთავაზობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, სიებით ჩატარდეს, ოღონდ, სიების წარდგენის უფლება არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც უნდა მიენიჭოთ.

როგორც მან პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღეს საია პარლამენტში ახალი წინადადებითაა წარმოდგენილი.

“არც თუ ისე კმაყოფილი ვიყავით წინა შეხვედრის დასრულების შემდეგ, რადგან ვერ დავინახეთ ენთუზიაზმი, რომ ყველაზე პრინციპული საკითხები გაეზიარებინათ, რაც ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ახალი წინადადებით ვართ დღეს მოსულები. სამუშაო ჯგუფს ვთავაზობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ სრულად პროპორციული სისტემით, სიებით, ოღონდ, სიების წარდგენის უფლება უნდა მივანიჭოთ არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც. ამით გადავლახავთ იმ კრიტიკას, რომელიც დღევანდელი პროპორციული სიების მიმართ არსებობს, სადაც წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ.

მეორე წინადადება ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. ორ თემაზე ვსაუბრობთ, ერთია შერეული დაკომპლექტება პარტიული და პროფესიული, რასაც საია არ იზიარებს. მეორე ვერსია ეხება სრულად პროპორციულს, ეს მისაღებია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ დაკომპლექტების დროს სავალდებულო თანხმობის შესაძლებლობა. ანუ, თითოეული წევრი ცესკოში უნდა დაინიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით, როდის მოხდება ეს თანხმობა და ოპოზიციის რა პროცენტული ჩართულობა იქნება საჭირო, მზად ვართ, ვიმსჯელოთ. ამაში ოპოზიციის როლი არსებითად მნიშვნელოვანია”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.