საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, ვინაიდან, მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილს უმრავლესობის სხდომაზე სრული შემადგენლობით დაუფიქსირეს მხარდაჭერა.
„მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებულია საქართველოს პარლამენტში, რადგან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი, ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ ეს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას – ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია უკვე დაბეჯითებით, დარწმუნებით ვთქვათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერობის კანდიდატად ექნება და პრემიერი გახდება ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არის, ეს არის უკვე გადაწყვეტილი, იმიტომ რომ მას უკვე უმრავლესობის სხდომაზე დაუფიქსირეს ჩვენმა კოლეგებმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დღეს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრობის თანამდებობა დატოვა, “ქართულმა ოცნებამ” პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.